logo
ENG



კობახიძე: გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან

25 დეკ 202121:24
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია არის ერთიანი, როგორც არასდროს. 

როგორც კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა, 2021 წელი იყო საკმაოდ რთული მმართველი პარტიისთვის, მათ შორის იმიტომ რომ, პარტია "უპირობო ლიდერმა" ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. 

"გუნდში ხდება მარტივი რამ, გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან... გუნდი რომ ერთიანია, ეს ჩვენ დავამტკიცეთ გასული ერთი წლის განმავლობაში. გვქონდა ძალიან რთული ერთი წელიწადი. იყო სერიოზული გამოწვევები, პოლიტიკური პროცესი იყო, ასეთი რთული ერთი წელი გასულ 30 წელიწადში არც მახსოვს, გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა. გუნდი ერთსულოვანი და ერთიანი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი.

ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალის მქონე ლიდერი ტოვებს გუნდს, ერთადერთი, რამაც შეიძლება დააბალანსოს ეს დანაკლისი, არის გუნდის ერთიანობა. ჩვენ ამ ერთ წელიწადში დავამტკიცეთ, რომ გუნდი არის ერთიანი. სწორედ ამის წყალობით მოვახერხეთ მუნიციპალურ არჩევნებში ისეთი შედეგის ჩვენებას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები არ ელოდნენ", - თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში თანამდებობა დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელმაც თქვა, რომ მუშაობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს და კახა კუჭავამ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს 8 თვის განმავლობაში იკავებდა. მანამდე კი გუნდი გიორგი გახარიამ დატოვა, რომელიც ქართული ოცნების პირობებში 3 მაღალ თანამდებობას - ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი, იკავებდა. 


close დახურვა